суббота, 7 января 2017 г.

ერი და ისტორია

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისას ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავალისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული. რომ ერთი უმეორეოდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძენისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი. ბევრს ერს ქვეყანაზედ სულაც არა ჰქონია წარსული, სულაც არა ჰქონია ისტორია, ესე იგი, იმისთანა ცნობიერი ცხოვრება, რომელიც გამოსახავს ხოლმე სულიერს და ხორციელს ვინაობას ერთიანის კრებულისას, მის მიზიდულობას, მის აზრს და საგანს არსებობისას, მის წმიდათა წმიდას, და რომელიცა მკის თავის დროებისათვის და ამასთანავე სთესს მერმისისათვის. ამისთანა ხალხნი დღესაც ბევრნი არიან ქვეყანაზედ. ამისთანა ხალხი უბინაო კაცსა ჰგავს, რომელმაც არ იცის – ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის. ამიტომაც ესეთი ხალხი ბევრით არ გამოირჩევა პირუტყვისაგამ და იქნება ბევრში უკანაც ჩამოურჩება. ულმობელი კანონი ისტორიისა ამისთანა ხალხს ვერ დაინდობს ეხლანდელ დროში, და სხვა უფრო ძლიერის ისტორიის მქონე ერი დაეძგერება თუ არა თანაც გაიტანს და შეიწირავს ხოლმე ამისთანა ხალხსა. … შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი და რა ავი მიიჩნია კეთილად, და რა კეთილი – ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის იხარჯებოდა და მხნეობდა და რისთვის და რაში უქმობდა . უმაგისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს,უხორთუმო სპილოს ემგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდები. ჩვენს ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუდგია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად. რომ მართლა ასეა, ამისი საბუთი თვალწინ გვაქვს. რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორიათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის, რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენის ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედგა. ეს ერთის მხრით, მეორეს მხრით – რა ჩამოგვარჩენდა და ასე უწყალოდ სხვა ქვეყნებსა ან განათლებასა, ან გამდიდრებაში, თუ ამისთანა ქვეყნის პატრონთა ცხოვრების საძირკველში მაგარ ქვასთან ერთად უვარგისი და ფხვნილი ქვაც არ ჩაეყოლებინა ჩვენს ისტორიას. რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი და თუ ასეა – რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? არ არის არც ერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა, როგორც სხვისაც , რომ რაიმე წარსულის ნაშთი ზედ არ შერჩენოდეს, ხოლო ამ ნაშთისა დღეს ჩვენ აღარა გაგვეგება რა, ვიმეორებ, იმიტომ, რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და განმმარტებელი ისტორია. ამიტომაც ჩვენ ბევრში უთავბოლობა გვეტყობა, არაფერი საქმე არ გვიხერხდება აქეთ და იქით ვასკდებით თავბრუდახვეულ კაცივით და ვერა გამოგვიტანია რა. ეს უქმად წარმავალი გარჯა ჩვენი, უქმად წარხდომილი მხნეობა და ცდა, ქანცს უწყვეტავს გამრჯელს და მის მაყურებელს ერს ხომ გული უტყდება, თავის თავზე სასოება და იმედი ეკარგება და აქედამ განა დიდი მანძილიღაა სრულად განადგურებამდე! გარდა ყოველ ამისა, ბევრჯერ გვითქვამს და ეხლაც გავიმეორებთ, რომ ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმიდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრონა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში ილია ჭავჭავაძე 1888 წელი